საზღვაო გადაზიდვები შემცირდა - რა შემოდის და გადის?

წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო გადაზიდვები თითქმის, 13%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში გემებით სავაჭრო ბრუნვამ 1,894 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2,169 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, წელს გადაზიდულ ტვირთების თითქმის, 83% იმპორტზე მოდიოდა (1,570 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ექსპორტზე 17% (324,602 ათასი აშშ დოლარი).

2024 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, იმპორტი 4%-ით არის შემცირებული, ხოლო ექსპორტი თითქმის 39%-ით. გასულ წელს იანვარ-აპრილში ექსპორტმა 530,408 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა 1,639 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც წელს 4 თვის განმავალობაში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და გავიდა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 578,931 ათასი აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 206,850 ათასი აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 38,326 ათასი აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატიკური სალტეები და საბურავები, ახალი - 21,708 ათასი აშშ დოლარი
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 21,577 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი:

  • ფეროშენადნობები - 53,274 ათასი აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 45,837 ათასი აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 43,718 ათასი აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 13,168 ათასი აშშ დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 13,153 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური