„ევროპაში ვიყავი შეხვედრებზე, სერიოზულად აღარ გვიყურებენ, ძალიან დამძიმებული ჩამოვედი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა ჰქონდა ინვესტორებთან, განიხილეს სამომავლო გეგმები და ყველასგან მიიღო პასუხად, რომ უნდა დაელოდონ მოვლენების განვითარებას.
„ევროპაში ვიყავი შეხვედრებზე, უკვე სერიოზულად აღარ გვიყურებენ, ძალიან დამძიმებული ჩამოვედი. გეგმებს ვუხატავ, ველაპარაკები ინვესტორებს, რომ საქართველოში ჩადონ ფული; ისეთი ინვესტორებისგან, რომლებთანაც გათელილი მქონდა ბევრი საკითხი და გაკეთებული მქონდა საქმეები, პასუხი მივიღე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებასო. წარმოიდგინეთ, რომ იმის ქვეყანას ადანაშაულებს შენი ქვეყანა აგენტობასა და რევოლუციის მოწყობაში, ის ინვესტორი აქ ფულს ჩადებს?“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
კითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ხომ არ გამოიწვია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება, როსტომაშვილი გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება, თუმცა არასტაბილურ გარემოსა და არეულობის დროს ნებისმიერი პირი ცდილობს გადადოს ბინის შეძენა.
„საუბარი არ არის მხოლოდ სამშენებლო სექტორზე, საუბარია მთელი ქვეყნის უკუსვლაზე... როცა არასტაბილური სიტუაციაა, ნებისმიერი ცდილობს ხოლმე რომ გადადოს ბინის შეძენა. არეულობა და არასტაბილურობა არ არის კარგი მომენტი ბინის შესაძენად. მოლოდინებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ ვსაუბრობთ, იმედი მაქვს, არ მიიღებენ კანონს, არ დაძლევენ ვეტოს და საღი აზრი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში შეიტანა ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შევლიდან ერთი დღე მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 2 კვირა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.
ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.