აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი.

მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4%-ით შემცირდა, რაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი კლებითაა განპირობებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათის ღირებულება წლიურად 4%-ით, 5.71 აშშ. ცენტამდე გაიზარდა. თბოსადგურებისთვის განკუთვნილი გაძვირებული ბუნებრივი აირი ელექტროენერგიის ფასის ზრდის მთავარი ფაქტორია.

"თიბისი კაპიტალის" მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ძირითადი ბაზარი კი, კვლავ, თურქეთია.

ნინი ქეთელაური