რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა დროებით მოხსნა

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დროებითი მოხსნის შესახებ, რომელიც 30 ივნისამდე იმოქმედებს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია.

დადგენილიების თანახმად, 1-ლი ივლისიდან შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა და 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.

მთავრობა წერს, რომ გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის გაჯერების გათვალისწინებით, ასევე, საავტომობილო ბენზინის გადაჭარბების გამო ცალკეულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული. ამასთან, საჭირო გახდა პორტების გათავისუფლება საწვავის იმ მოცულობისგან, რომლის ექსპორტიც დაგეგმილი იყო, მაგრამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ უშუალო მწარმოებლების მიერ არ იქნა ექსპორტირებული.

ცნობისთვის: ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1-ლი მარტიდან ექვსი თვის ვადით, 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთს.

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რომ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ