დონორების დაფინანსების შეწყვეტა მტკივნეული იქნება სოფლის მეურნეობისთვის - რატი კოჭლამაზაშვილი

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საერთაშორისო დონორები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდ ფინანსურ რესურსებს დებენ. გარდა ფინანსური რესურსებისა, ხელს უწყობენ ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ექსპერტული ცოდნის დანერგვას.

საერთაშორისო დონორებისგან ისმის განცხადებები, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში საჯარო და სექტორის დაფინანსების შეჩერებას განიხილავენ. კოჭლამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ დაფინანსების შეჩერება, შემცირება ან შეფერხება უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობაზე.

„დონორებისგან დიდი დაფინანსებები მოდის, რაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების. თუ ესენი შეფერხდა, შემცირდა ან საერთოდ შეწყდა, ძალიან მტკივნეული იქნება სოფლის მეურნეობისთვის“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, არ აპირებენ უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის „იარლიყის მიკერებას“. მეტიც, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშნული სახელით, მაშინ როცა მათი საქმიანობა ფერმერების დახმარებით შემოიფარგლება.

„ძალიან რთულია ჩვენთვის ის მომენტი, რომ რაღაც უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად უნდა დავრეგისტრირდეთ, თუ ეს კანონი ამოქმედდა, თუმცა ვაპირებთ დარეგისტრირებას, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ გვესმის, როდესაც ქართველ ფერმერებს ვეხმარებით, რატომ არის ეს უცხოური ინტერესების გატარება. ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იარლიყია, რომელიც ბევრმა შესაძლოა, არასასურველად გამოიყენოს. ეს შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი წევრი ფერმერებისა და თანამშრომლებისთვის“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.

მერი ტაბატაძე