„ავტოჰაბის ფუნქციას მალე დავკარგავთ - საქართველო მხოლოდ ტრანზიტის პუნქტად იქცა“

„თუ არაფერი გავაკეთეთ ავტოჰაბის ფუნქციას მალე დავკარგავთ. ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება, სწორედ ჩინური ავტომობილების ბაზარიც გახდეს“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე აღარ აქვს ტრანსფერის ფუნქცია, სადაც იმპორტირებული ავტომობილების მომსახურება და შემდეგ რეექსპორტი ხდებოდა. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ ტრანზიტის დანიშნულება აქვს, რადგან უცხოელ იმპორტიორებს ავტომობილები აქ დაყოვნების გარეშე გაჰყავთ. შესაბამისად, არც დამატებით ღირებულებას ქმნიან.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში მთავრობასთან შეხვედრა იგეგმება, ავტოიმპორტიორების თხოვნაა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

„თუ არაფერი გავაკეთეთ ავტოჰაბის ფუნქციას მალე დავკარგავთ. ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება, სწორედ ჩინური ავტომობილების ბაზარიც გახდეს. შაბათს, ავტოიმპორტიორების მოთხოვნით, ვიყავით ავტობაზრობაზე. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ აქამდე ტრანსფერის ფუნქციას ვასრულებდით, ანუ, ავტომობილი იმპორტით შემოვიდოდა, ჩერდებოდა, ტექნიკურ მომსახურებას გადიოდა, დამატებითი ღირებულება იქმნებოდა და შემდეგ გადიოდა მეზობელ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ახლა თვითონ შემოდიან მაგალითად, ყაზახები, გაჰყავთ ფოთის და ბათუმის პორტებიდან ავტომობილები და შემდეგ იქ არემონტებენ, რუსთავის ავტობაზრობის და ქართველი ავტოიმპორტიორების გვერდის ავლით.

მეორე, როდესაც შემოდიან, მაგალითად, წინა წელს 60 ათასი ავტომობილით მეტი შემოვიდა, ვიდრე ამას ბაზარი "გაიწოვდა" (გაყიდდა), ახლა ბაზარი გაჭედილია, ამით სარგებლობენ და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან. გამოდის, რომ პირველი, ავტომობლები ჩვენს გარეშე გაჰყავთ და საქართველო მხოლოდ ტრანზიტის პუნქტად იქცა, მეტი არაფერი, დამატებითი ღირებულება უკვე აღარ იქმნება, და, მეორე, შიდა კომუნიკაციით, ერთპიროვნულად მოქმედებენ და დემპინგური ფასით გაჰყავთ ავტომობილები. აქაც ჩვენი ავტოიმპორტიორები ზარალდებიან.

აი ამის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ავტოიმპორტიორები. უახლოეს მომავალში უნდა მივმართოთ მთავრობას თხოვნით, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. რამე ზომები მივიღოთ საკანონმდებლო დონეზე, რომ როგორმე დავიცვათ ადგილობრივი ბაზარი და ავტოიმპორტიორების ინტერესები. სხვა შემთხვევაში, ავტოჰაბის ფუნქციას დავკარგავთ. თუ ამას ახლა ჩინური ავტომობილებიც დაემატა, მერე საერთოდ აღარ ვიცი...“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, ავტომობილების იმპორტი 24 %-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში, საქართველოში 48 274 ერთეული (721,870 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილები შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 63 923 ერთეული (971,408 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, წელს 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში 28,057 ერთეული მანქანა ( 576,638 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, 2023 წლის 4 თვეში - 33 095 ერთეული (595,052 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 30,7%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი - 32,6%-ით. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს აპრილში 7 417 ავტომობილი (132,823 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 10 704 ერთეული (183,281 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, წელს აპრილში 11 295 ერთეული (173,990 მლნ აშშ დოლარი), მანქანა შემოვიდა, 2023 წლის აპრილში - 16 770 ერთეული (262,826 მლნ აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური