Bloomberg: რუსული ნავთობტანკერები სანქციების შემდეგ უმოქმედოდ დგანან

ათობით ტანკერი, რომლებიც რუსეთის ნავთობვაჭრობაში მონაწილეობდნენ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების შემდეგ თვეების განმავლობაში უმოქმედოდ არის გაჩერებული. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, ეს შესაძლოა, მიწოდების მასშტაბურ შეფერხებაზე მიუთითებდეს.

რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დარღვევის გამო ოქტომბრიდან სანქციების სიაში 40 გემი მოხვდა. აქედან სანქციების შემდეგ მხოლოდ ერთმა ტანკერმა, SKF Primorye-მ შეძლო ნავთობის ჩატვირთვა, რომელიც აზიისკენ მიემართება. თუ მისი გადმოტვირთვა შეუფერხებლად განხორციელდა, რუსეთმა შესაძლოა, დანარჩენი ტანკერებიც გაააქტიუროს.

Bloomberg-ის შეფასებით, ერთის მხრივ, სანქციებს მათი არიდების გამო აკრიტიკებენ, რადგან რუსული ნავთობექსპორტი კვლავ დიდია, თუმცა, მეორეს მხრივ, ფლოტის გაჩერება ცალკეული გემების წინააღმდეგ ზომების ეფექტურობას აჩვენებს. 40 ტანკერიდან 21 “სოვკომფლოტს”ეკუთვნის, ხოლო 19 გემის მფლობელი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებული კომპანია Hennesea-ია.

სასანქციო სიიდან ერთი თურქული ტანკერი აპრილში ამოიღეს, როცა მას აშშ-ში ჩატვირთვის უფლება მიეცა, ხოლო დანარჩენი გემები, საზედამხედველო სააგენტოს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში უმოქმედოდ დგანან.

კერძოდ, “სოვკომფლოტის” 8 ტანკერი ვლადივოსტოკთან და ნახოდკას მახლობლად 5 თვეა, რაც დგას. 7 ტანკერი შავ ზღვაში დაგროვდა, რომლებმაც იქ დეკემბერ-თებერვალში შეცურეს და მას შემდეგ ტრანსპონდერები გათიშული აქვთ. კიდევ 3 ტანკერი ბალტიისპირეთში არის ბაზირებული.

რაც შეეხება არაბულ Hennesea-ს, მისი 18 ტანკერიც იანვრიდან უმოქმედოდ დგას. აქედან 10 გემს ჩინეთისა და კორეის მახლობლად, მათ შორის, ნაწილს სარემონტო ვერფებში აქვს ღუზა ჩაშვებული. დანარჩენი ტანკერები ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის პორტ-საიდის მახლობლად დგანან, ნაწილი იქ უკვე მარტიდან იმყოფება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ