გააძვირებს თუ არა Ryanair-ი წელს ბილეთის ფასს - ავიაკომპანიის გადაწყვეტილება

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ფრენის ღირებულება ზაფხულის პიკურ სეზონზე მოსალოდნელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირმა Financial Times-ს განუცხადა, მაშინ, როცა ის წლევანდელ ზაფხულს ავიაბილეთის მნიშვნელოვნად გაძვირებას პროგნოზირებდა.

კერძოდ, ო'ლირი მანამდე აცხადებდა, რომ შვებულებების პიკზე ტარიფები, საშუალოდ, 10%-ით გაიზრდებოდა, ამჯერად კი ის ზაფხულის ფრენებზე მოთხოვნას “პოზიტიურად” აფასებს და ამბობს, რომ ფასებიც მოსალოდნელზე უფრო დაბალ, ანუ წინა ზაფხულის დონეზე დარჩება ან მათ „ოდნავ გადააჭარბებს.“

Financial Times წერს, რომ დადებითი პროგნოზი გადასახადების შემდგომ მოგებაში Ryanair-ის 34%-იან ნახტომს უკავშირდება, რომელიც ავიაკომპანიამ 12 თვის განმავლობაში, ანუ 2023 წლის მარტიდან წლევანდელ მარტამდე დააფიქსირა და რამაც 1,9 მლრდ ევროს მიაღწია.

ავიაკომპანიას მიმდინარე ფისკალური წლისთვის პროგნოზი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მოელის, რომ მგზავრების რაოდენობა 8%-ით, 198-დან 200 მილიონამდე გაიზრდება.

“ამ ფისკალური წლის საბოლოო შედეგი დიდწილად იქნება დამოკიდებული 2025 ფისკალურ წელს არასასურველი მოვლენების თავიდან აცილებაზე, როგორიც არის ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე, საჰაერო მიმოსვლის მართვაში საერთო ჩავარდნები ან Boeing-ის მიწოდების შემდგომი შეფერხებები,“ - აცხადებს მაიკლ ო'ლირი.

გამოცემის ცნობით, Ryanair-ის გაფართოების ამბიციურ გეგმებს ხელს უშლის მწარმოებლის მხრიდან ახალი თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება, რის გამოც ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ივლისის ბოლომდე Boeing 737 Max-მოდელის 23 თვითმფრინავის დეფიციტს მოელის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ