„მადლობა „თავში რომ არ გვირტყამთ“ ბიზნესს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაზე ღირებულს - ევროპულ მომავალს დავშორდეთ“

„მადლობა „თავში რომ არ გვირტყამთ“ ბიზნესს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე ღირებულს - ევროპულ მომავალს დავშორდეთ,“ - ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ბოლო კვირების განმავლობაში „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„ბიზნესი საკმაოდ რთულ ვითარებაშია. როდესაც ხმამაღლა საუბრობენ ბიზნესის მხარდაჭერაზე და ა.შ. კი ბატონო, გავიგე, 12 წელია ბიზნესი თავისუფალია. მადლობა თავში რომ არ გვირტყამთ, წნეხი არ არის, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე ღირებულს - ევროპულ მომავალს დავშორდეთ, რათა ბიზნესი დღეს არის თავისუფალი. ამას თუ დავშორდით, ხვალ ხომ არ ვიცით რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით...

სამწუხაროდ, ბიზნესი მიჩვეული არის ამ ქვეყანაში, რომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას და მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს/არ ილაპარაკოს. საბედნიეროდ, დღეს ბევრი ბიზნესგაერთიანება არსებობს, რომელიც საუბრობს გარკვეულ პრობლემებზე. მეც ერთ-ერთი ასეთი გაერთიანების თავმჯდომარე ვარ და ვსაუბრობ მათი სახელით. რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა აზრის/ხედვის წარმომადგენლები არიან, მაგრამ დამერწმუნეთ ყველა შოკშია, რადგან ვერ ხვდებიან, უბრალოდ, რისთვის დასჭირდათ, რაც დღეს ხდება.

შოკისმომგვრელ განცხადებებს ვუსმენ და გვიკვირს, რა მოსდის ჩვენ ეკონომიკას, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე. იმასაც გეტყვით, რომ არაერთი დაფინანსება დროებით შეჩერებულია და ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა, ის დონორი ორგანიზაციები, ვინც შევარდნაძის დროიდან აფინანსებენ ამ ქვეყანას,“- განაცხადა ივა ჭყონიამ.

თაია არდოტელი