ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთების გადაზიდვა ოფიციალურად დაიწყო. 20 მაისს საქართველოს მიმართულებით 20 კონტეინერის მატარებელი გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ტვირთების ტრანსპორტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ემილ აჰმადოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვან სეგმენტად ითვლება, უკვე დასრულებულია და სარკინიგზო ხაზზე ტვირთების გადაზიდვა 20 მაისიდან ოფიციალურად დაიწყო.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვის მიზნით ერთობლივი საწარმო უნდა შეიქმნას“ - განაცხადა ემილ აჰმადოვამ.

მისი თქმით, ამჟამად ტვირთის გადაზიდვის, ტარიფების დადგენისა და მთლიანობაში ოპერატიული საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ მოდერნიზაციის შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის Trend News Agency-ის მონაცემების თანახმად, BTK-ის გავლით ტრანსპორტირებული საქონლის მთლიანი მოცულობა 2022 წლისთვის 432,284 ტონა იყო, რაც 30%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისთვის, 2021 წელს გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 302 ათასი ტონა შეადგინა. ჯამურად 2017-2022 წლებში ამ ხაზზე ტვირთის გადაზიდვის საერთო მოცულობა 1 347 585 ტონაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იანვარ-მარტში ტრანსპორტირებული ტვირთის მოცულობამ „შუა დერეფნით“ 771 ათასი ტონა შეადგინა. 2023 წლის პირველ სამ თვეში ტვირთის მოცულობა მხოლოდ 171,162 ტონა იყო, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 78%-ით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად კი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს სარკინიგზო სავაჭრო ბრუნვა 256 მილიონ დოლარზე მეტი იყო. მართალია ეს მაჩვენებელი 24,2%-ით ჩამორჩება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (338,297 მლნ დოლარი), მაგრამ თუ ამას არ ჩავთვლით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემის პოტენციალზე აშკარად მეტყველებს.

ეკა დარჩიაშვილი