„მმართველი კომპანიები სასტუმროებს უკან აბრუნებენ - ზარალი უკვე მილიონებს გადაცდა“

„მმართველი კომპანიები სასტუმროებს უკან აბრუნებენ,“ - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„რად უღირს ქვეყანას ეს კანონი, რომლის შინაარსიც დღეს არავის აინტერესებს და რომელზეც მთელი ცივილიზებული მსოფლიო გეუბნება რომ არ მიიღო, მითუმეტეს, თუ ეს კანონი აზარალებს შენთან არსებულ ბიზნესებს, ეკონომიკას, სხვადასხვა სექტორებს და განსაკუთრებით ტურიზმს.

ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით ის სასტუმროები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარედ მდებარეობენ, მილიონობით ზარალზე ლაპარაკობენ და ვადასტურებ, რომ ზარალი მილიონებს გადაცდა უკვე. პირველი და ძირითადი დარტყმა სწორედ ამ სასტუმროებმა მიიღო. სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ძირითადი სასტუმროები, სადაც მაღალმხარჯველიანი ტურისტები ისვენებენ.

რამდენიმე მაგალითი უკვე გვაქვს, როცა მმართველ კომპანიებს/მენეჯმენტს დაქირავებული სასტუმროების უკან დაბრუნება უნდათ. დღეს მოხდა სწორედ ამ არეალში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს უკან გადაფორმება, რომლის შემთხვევაშიც დამქირავებელი ქართველი მენეჯმენტის კომპანია იყო, გარდა ამისა, კიდევ ერთ სასტუმროზე მიდის მოლაპარაკება, სადაც საერთაშორისო (უცხოელი) დამქირავებლები არიან და იქაც არის საშიშროება რომ სასტუმრო უკან დააბრუნონ,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

თაია არდოტელი