ვინ განაგებს საპენსიოს ბედს - „პასუხისმგებლობა პარლამენტიდან გადმოდის მთავრობის ნაწილში“

მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული პროექტის თანახმად, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება, მათ ნაცვლად კი ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“ იქმნება.

კანონპროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტს მმართველი საბჭო თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს კი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

გარდა ამისა, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის.

აღნიშნულ ცვლილებებზე ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებებით, საპენსიო სააგენტო სახელმწიფოს მართვისგან გამოდის, თუმცა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის ნაწილი პარლამენტიდან მთავრობაზე გადადის.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი პარლამენტმა 2018 წელს მიიღო და 2019 წლიდან უკვე მოქმედებს. 5 მლრდ-ს (ლარს) გადააჭარბა საპენსიო აქტივების მოცულობამ, საიდანაც მილიარდი ამონაგებია, მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ არის, საკმაოდ დიდი რაოდენობის მოქალაქეები არიან ჩართულნი და ეს ის პერიოდია, როდესაც აქამდე არარსებულმა ერთგვარმა უწყებამ და თვითონ რეფორმამ ფეხი აიდგა. რეფორმის დაწყებიდან ყველა ნაბიჯზე ვუყურებდით, რა საჭიროებები დგას საპენსიო რეფორმასთან, სააგენტოსთან მიმართებით და ამაზე რეაგირება გვქონდა, რომ - გავაუმჯობესოთ.

შარშან, 2023 წლის შემოდგომაზე საკმაოდ მსხვილი ცვლილებები მივიღეთ და დამტკიცებულ იქნა პარლამენტში. ეს ძირითადად ეხებოდა იმ ტექნიკურ საკითხებს, რაც 2019 წელიდან იდენტიფიცირებული იყო, მათ შორის, ზოგი ხარვეზის გასწორება იყო, ზოგი საკითხების დაზუსტება, საინვესტიციო ნაწილშიც მაშინ განხორციელდა უმეტესი ცვლილება. იმ დროს უკვე ვმუშაობდით მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებებზე, თუმცა, ეს თავის შინაარსით კიდევ უფრო სხვა ჭრილში და სხვა მოცულობისაა. თავის დროზე რადგან ახალი იყო ეს რეფორმა და მნიშვნელოვანი იყო საინვესტიციო რგოლის დამოუკიდებლად არსებობა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს რეფორმა დაწყებულიყო, რასაც ადმინისტრაციული რესურსი სჭირდებოდა, მიზანშეწონილი იყო, რომ გამიჯნულიყო ეს ორი საქმიანობა.

დღეს (ამ ცვლილებამდე) როგორც მოქმედებს საპენსიო, არის ის, რომ სახელმწიფო მაინც ჩართულია მართვაში, პირდაპირ სამეთვალყურეო საბჭოში, სადაც სამი მინისტრი არის წარმოდგენილი. ანუ მთავრობის სამი წარმომადგენელი პირდაპირ არა საინვესტიციო საქმიანობაში, სამეთვალყურეო საბჭოში არის წარმოდგენილი და ცალსახად, ეს მართვაში ჩართულობას გულისხმობს. 5 წელი უკვე ის ვადაა, სადაც აქტივებიც დაგროვდა, დავინახეთ კაპიტალის ბაზრის რეფორმასთან ერთად, რომ ინსტრუმენტებიც ბაზარზე გამრავლდა, ფონდიც გაიზარდა და მეტი დივერსიფიცირება სჭირდება. შესაბამისად, სხვა აქტივების ნაწილიც მნიშვნელოვანია, რომ დაბანდება შესაძლებელი იყოს, რასაც სჭირდება უფრო სპეციფიკური რისკის მართვის ჩარჩოები, ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფო გამოვიდეს მართვიდან.

დანიშვნა არ არის მართვა. მართვას როდესაც ვამბობთ, სამეთვალყურეო საბჭოში არსებობას გულისხმობს, რომ ყველა ის კონკრეტული საკითხი, რომელიც ადმინისტრირებასთან არის დაკავშირებული, არა საინვესტიციოსთან, უნდა გაიაროს შეთანხმდეს მინისტრებთან, შესაბამისად, ის ჩართულობა, რომელიც ყოველდღიურ მართვასთან დაკავშირებული შეიძლება არ იყოს, მაგრამ დიდწილად ჩართულობა ამ შემთხვევაში მაინც არის და უფრო ინტენსიურია. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ პროფესიონალებით კომპლექტდება მთლიანად და აღარ იქნება მმართველობითი საბჭო წარმოდგენილი მინისტრების სახით, ნიშნავს, რომ იქნება პროფესიონალებით დაკომპლექტებული, რომელსაც დანიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღესაც სახელმწიფო ნიშნავს საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტის სახით, ჩვენ რეალურად რასაც ვცვლით, არის, რომ მმართველობითი საბჭო მთლიანად სპეციალისტებით დაკომპლექტებული იქნება და დაინიშნება არა პარლამენტის, არამედ მთავრობის მიერ.

რომ ავხსნათ, რატომ არის ასეთი კონფიგურაცია - იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეფორმა არის საყოველთაო და სავალდებულო, სახელმწიფომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ დანაზოგები სავალდებულო წესით, საპენსიო მიზნისთვის, მიმართულიყო კონკრეტულად ფონდში. შესაბამისად, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც პოლიტიკურ ნაწილში ვერ გავმიჯნავთ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვიტოვებთ. ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ ფონდი მუშაობდეს გამართულად, ფუნქციონირებდეს სწორად, ამონაგები გვიპირდებოდეს კანონის შესაბამისად, რაც არის გათვალისწინებული და ეს პასუხისმგებლობა პარლამენტიდან გადმოდის მთავრობის ნაწილში, სადაც მმართველობით საბჭოს კანდიდატების დანიშვნა და გათავისუფლება კანონისმიერი საფუძვლებით იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა გიორგი გურგენიძემ.

ნინი ქეთელაური