ფარდობითობის თეორიის ავტორის, ალბერტ აინშტაინის პირადი წერილები აშშ-ში აუქციონზე 420 000 დოლარზე მეტად გაიყიდა. წერილების ნაწილი ხელითაა ნაწერი, ნაწილი კი საბეჭდი მანქანით. გაყიდულ წერილებს შორის არის ცნობილი ფიზიკოსის მიერ თავისი ვაჟისთვის 1945 წელს მიწერილი წერილი, სადაც ის შვილს ფარდობითობის თეორიის შესახებ უხსნის. აღნიშნული წერილი 62 500 დოლარად გაიყიდა. სხვა წერილებში აინშტაინი თავისი ფიქრების შესახებ წერს, მაგალითად, ღმერთზე, ადამიანზე, ნაციზმსა და პირად საკითხებზე.
აუქციონის სახლის Profiles in History-ის ხელმძღვანელის იოზეფ მადალენას თქმით, აინშტაინის წერილებს ანონიმური კოლექციონერი წლების განმავლობაში აგროვებდა. წერილები რამდენიმე ადამიანმა შეიძინა.