„სიგნალები არ არის საიმედო - ყველა დონორი ელოდება პროცესების განვითარებას“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის უმსხვილესი დონორები, მათ შორის, EBRD-ი, ADB-ი, WB-ის ჯგუფი და სხვები, საჯარო სექტორის დაფინანსების შეჩერებას განიხილავენ. სოფლის მეურნეობა ერთ-ერთია მათ შორის, რისი განვითარებაშიც საქართველოს პარტნიორები დიდ ფინანსურ რესურსებს დებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება სოფლის მეურნეობაზე დაფინანსების შესაძლო შეწყვეტა. როგორც ჩვენთან საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში დონორები, ფინანსური დახმარების გარდა, ხელს უწყობენ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას, ამასთანავე, მათი საშუალებით ინერგება ექსპერტული ცოდნა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან დაფინანსების შეწყვეტას უარყოფითი ეფექტი ექნება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

„ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ექსპერტული ცოდნა ძირითადად ჩამოაქვთ დონორებს. ეს ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობას, რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესი, რომელსაც გადის, შედარებით უმტკივნეულოდ გაიაროს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თუ შემცირდება ეს დაფინანსებები, დიდი გავლენა ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე“, - აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ფერმერებს დონორებთან, ამასთან დაკავშირებით რესპონდენტი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა დონორი ელოდება პროცესების განვითარებას და სიგნალები, რომელიც მოდის ქვეყნის მიმართულებით, საიმედო არ არის.

„ყველა დონორი ელოდება პროცესების განვითარებას, იცით, რამხელა დონეზეა ჩართულობა. ამ პროცესში დონორების უკან დგანან სახელმწიფოები, შესაბამისად, სახელმწიფოს პირველი პირები საუბრობენ იმ საკითხებზე, რაც ამ კანონთან დაკავშირებით არის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს ზუსტად, ყველა ელოდება მოვლენების განვითარებას და შემდეგ უკვე მათი მთავრობები რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდეგი პროცესები. ზოგადად, სიგნალები არ არის საიმედო“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში შეიტანა ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შევლიდან ერთი დღე მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 2 კვირა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.

ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.

იხილეთ ასევე: Bankwatch Network: EBRD-მა, ADB-იმ და WB-მა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ

1.304 მლრდ ლარზე მეტი ხუთ წელიწადში - როგორია დონორი ორგანიზაციების წილი სახელმწიფო ტენდერებში

მერი ტაბატაძე