ჩიპების მწარმოებლებს ტაივანზე დანადგარების დისტანციურად გათიშვა შეუძლიათ

ჩიპების წამყვან მწარმოებლებს, ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, დანდგარების დისტანციურად გათიშვა შეუძლიათ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, ნიდერლანდური ASML Holding NV და Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC) აცხადებენ, რომ აქვთ რესურსი, ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, მსოფლიოში ჩიპების მწარმოებელი ყველაზე თანამედროვე დანადგარები მწყობრიდან გამოიყვანონ.

აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები ნიდერლანდურ და ტაივანურ მწარმოებლებზე შეშფოთებას გამოხატავენ, თუკი კუნძულს ჩინეთი თავს დაესხმება, რადგან იქ მსოფლიოს მოწინავე ნახევარგამტარების აბსოლუტური უმრავლესობა იწარმოება.

ამის საპასუხოდ ASML აშშ-ის ოფიციალურ პირებს არწმუნებს, რომ ასეთ ვითარებაში დანადგარების დისტანციურ გათიშვას შეძლებს. მეტიც, ნიდერლანდებმა რისკების უკეთ შესაფასებლად შესაძლო შეჭრის სიმულაციები გამართა.

კერძოდ, დისტანციურად გაითიშება ASML-ის ექსტრემალური ულტრაიისფერი მოწყობილობების ხაზი, რომელსაც ნიდერლანდური კომპანია ტაივანურ TSMC-ს აწვდის. ეს მოწყობილობები მაღალი სიხშირის სინათლის ტალღებს ჩიპებზე უმცირესი ტრანზისტორების დასაბეჭდად იყენებენ, რის შედეგადაც იქმნება ჩიპები როგორც ხელოვნური ინტელექტისთვის, ასევე, უფრო მგრძნობიარე სამხედრო გამოყენებისთვის.

TSMC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ლიუმ სექტემბერში, CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტაივანის ნებისმიერ დამპყრობელს იქ მხოლოდ TSMC-ის ჩიპების მწარმოებელი გაფუჭებული დანადგარები დახვდება.

ცნობისთვის: ტაივანის მთლიანი ექსპორტი 18.9%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია. ამის მიზეზად სახელდება კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება, რაც ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის ფონზე 400%-ზე მეტად გაიზარდა.

ამასთან, ტაივანის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი საზღვარგარეთ სარეზერვო შტაბის შექმნას განიხილავს, რომ კუნძულზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში ოპერაციების გაგრძელება უზრუნველყოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ