კომპანია Action Fraud-ის კვლევაზე დაყრდნობით, რომელმაც ბრიტანელი ტურისტები გამოკითხა, გამოცემა Daily Express-ის ექსპერტებმა მსოფლიოს 10 ქალაქის სია შეადგინეს, სადაც ტურისტები თაღლითების მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან.
რეიტინგში ესპანეთის ბენიდორმი ლიდერობს, რომელიც მეტად პოპულარული საზაფხულო დასასვენებელი ადგილია, თუმცა თაღლითებით არის სავსე. ტურისტებს ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ შეთავაზებებს, რომლებიც ზედმეტად მიმზიდველად გამოიყურება.
მეორე ადგილზე გერმანიის დედაქალაქი ბერლინია. იქ ტურისტები იმ კომპანიებს უნდა მოერიდონ, რომლებიც კლიენტებისგან გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ითხოვენ. ასე ხშირად თაღლითები მოქმედებენ.
შემდეგი ესპანეთის იბიცაა. წვეულებების მოწინავე ქალაქში ვიზიტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ცუდ გრამატიკას რეკლამებში, რასაც თაღლითები ხშირად იყენებენ.
მეოთხე ადგილზე მალტის ქალაქი ვალეტაა, სადაც ჯავშნებზე დამსვენებლების მისაზიდად თაღლითები ხშირად ყალბი განცხადებების სქემას მიმართავენ.
ხუთეულს ხურავს პორტუგალიის ქალაქი, ალბუფეირა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებაა, თუმცა ტურისტებს ხშირად სასტუმროების ყალბი შეთავაზებებით ატყუებენ.
მეექვსე ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკია, სადაც რაიმეს დაჯავშნამდე ტურისტებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ, არის თუ არა რეალური ეს დასასვენებელი ადგილი.
მალდივებზე, რომელიც, როგორც წესი, ძვირადღირებული ადგილია, ხშირად დასასვენებელი შეთავაზება წარმოუდგენლად მომგებიანი ჩანს, რაც ყალბი რეკლამის შედეგია.
მერვე ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქი დუბაია, სადაც ტურიტები, ასევე, ყალბ დასასვენებელ შეთავაზებებს უნდა უფრთხოდნენ.
ათეულში ნიუ-იორკიც მოხვდა. კერძოდ, ექსპერტები აფრთხილებენ ტურისტებს, რომ იქაც გადაამოწმონ გარიგებები, რომლებიც მეტად მიმზიდველია იმისთვის, რომ სიმართლეს ჰგავდეს.
ათეულს ირლანდიის დედაქალაქი, დუბლინი ხურავს, რომელიც ბოლო წლებში ტურისტებს შორის უკიდურესად პოპულარული გახდა. თუმცა, როგორც წესი, პოპულარობასთან ერთად თაღლითებიც მომრავლდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ