„იმპორტულის ფასი თვითღირებულებას უტოლდება“ - რატომ გაიზარდა ცოცხალი ღორის იმპორტი

საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში იმპორტირებულია 9,094 მლნ აშშ დოლარის 6,137 ტონა ცოცხალი ღორი. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. საქართველოს რუსეთიდან 1 კგ. ცოცხალი ღორის იმპორტი 1,48 დოლარი უჯდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევები აქვთ ადგილობრივ მეღორე ფერმერებს და ამასთან დაკავშირებით ფერმერ ვანო ონიანს ვესაუბრეთ. ფერმერი გვიყვება, რომ წარმოება სტაბილურად აქვს, წინა წლებთან შედარებით ღორის რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა რიგი გამოწვევების გამო, მასშტაბების ზრდას ვერ ახერხებენ.

„საშუალო ნიშა მიჭირავს, მაგრამ ეს არ გვაძლევს დიდ შედეგებს და ამინდს არ ქმნის ეს ბაზარზე. მე რაც მომყავს ჩემს მიწაზე, იმით ვკვებავ ღორს და ასე ვაიაფებ თვითღირებულებას, მაგრამ მასშტაბს ვერ ვქმნით“, - დასძინა ფერმერმა.

როგორც ონიანი აღნიშნავს, მთავარი გამოწვევა, რის გამოც ადგილობრივად ვერ ხდება დიდი რაოდენობის ცოცხალი ღორის გაზრდა, არის თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა.

„მაღალი ტექნოლოგიური პროცესი განაპირობებს თვითღირებულების დაბალ მაჩვენებელს და ჩვენს შემთხვევაში, ეს მაღალი ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, საკვები ბევრად იაფი უჯდებათ იქ, ვიდრე ჩვენ გვაქვს. მაგრამ ტექნოლოგია რომ არსებობდეს, ასე თუ ისე კონკურენციას გავუწევდით“, - ამბობს ვანო ონიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტულ ცოცხალ ღორს გაცილებით ნაკლები აქვს ფასი, ვიდრე ადგილობრივს და ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებას უტოლდება.

„ფასი იმპორტულს ბევრად ნაკლები აქვს, თვითღირებულებაზე გადის, ფაქტობრივად. ხარისხით არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩვენს ბაზარს ხარისხის გარჩევის უნარი არ გააჩნია, ნებისმიერი ხარისხი იყიდება. შედარებაც არ არის ადგილობრივ ღორსა და შემოტანილს შორის. აქ გემოს მიხედვით არ ხდება გარჩევა. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ფასები დიფერენცირებულია ხარისხის მიხედვით - აქ არ აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნავს ონიანი.

ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ცოცხალი ღორის საშუალო გასაყიდი ფასი 6-6.5 ლარია. რაც შეეხება იმპორტულს, იანვარ-აპრილში 1 კგ-ის იმპორტი 1.48 დოლარი დაგვიჯდა (აპრილის კურსით დაახლოებით 4 ლარი).

მერი ტაბატაძე