გრიგოლ გეგელია - ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან - სად არის ამ დროს საქართველო?

წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან. სად არის ამ დროს საქართველო? ხელჩართულ ომში დასავლეთთან! , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია facebook-ზე წერს.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავების შანსი.

„მანამ სანამ ჩვენი მეგობრები წინ მიდიან, მეტი მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ, საქართველოს ხელისუფლება ხელჩართულ ბრძოლაშია დასავლეთთან. საკუთარი ქმედებებით ამ მთავრობამ არათუ წინ არ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა, არამედ პირიქით რისკის ქვეშ დააყენა ათწლეულების ყველა მონაპოვარი.

დღეს მოლდოვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპულ კავშირთან “თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობა” გააფორმა. პარალელურად, წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან.

სად არის ამ დროს საქართველო? ხელჩართულ ომში დასავლეთთან! პრემიერი აშშ-ს სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაში, ოლიგარქი გლობალურ შეთქმულებაზე საუბრობს, ხოლო რუსეთის მსახური საპარლამენტო უმრავლესობა იღებს კანონს, რომელსაც გმობს მთელი მსოფლიო დ მხოლოდ საქართველოს ოკუპანტი ეგებება სიხარულით.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ეს არაორდინალური გეოპოლიტიკური ვითარება ეროვნული მიზნების გასამყარებლად გამოეყენებინა, დღეს დღის წესრიგში არა წინსვლა არამედ უკუსვლა დგას. ამ კანონის და ამ ხელისუფლების გამო, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავების შანსი, რადგან დღეს ამ ქვეყანას რუსეთის მსახური ხელისუფლება მართავს.

სწორედ ამიტომ, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული პროექტი მკაფიოდ ამბობს: სანქციები „ქართულ ოცნებას“, ახალი შესაძლებლობები - ქართველ ხალხს, თუკი საქართველო შეცვლის რეჟიმს და აღადგენს სწორ კურსს.

ჩვენა წინაშეა საბოლოო არჩევანი. ან ვირჩევთ მეტ დაახლოებას ევროპულ კავშირთან და აშშ-სთან, უვიზო მიმოსვლას, მეტ ვაჭრობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ ნაცრისფერ რუსულ ჭაობში ჩაძირვას, რომელიც საბოლოოდ მოგუდავს საქართველოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.