ვაჟა მებაღიშვილი - არავის არ აწყობს უძრავი ქონების გაიაფება

„თუ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავეს უძრავი ქონების შეძენისგან და არ იყიდეს, საბოლოო ჯამში, ეს უკვე ფასის ვარდნასაც გამოიწვევს და ზოგადად, საკმაოდ მძიმე სურათი დადგება ჩვენ ქვეყანაში“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა "ნოუბლ რიალ ისთეითის" თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, უძრავი ქონების გაიაფება ქვეყანაში არავის არ აწყობს, პირიქით იგი ძვირი უნდა იყოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება, რათა ხელი მიუწვდებოდეთ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაზე.

„გაიაფება არავის არ აწყობს, პირიქით უძრავი ქონება უნდა იყოს ძვირი, ქვეყანაში ადამიანებს ხელფასი უნდა ემატებოდეთ, ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რომ ხელი მიუწვდებოდეთ ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე. ზუსტად ეს არის ჩვენი ყველას საერთო სურვილი, ეს ფანტასტიკის ჟანრი არაა, ეს არის ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის სტრატეგია“

როგორც მებაღიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საყურადღებოა იმ კუთხით, თუ რამდენად მოუნდება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი დაიწყოს. ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას სირთულეები ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო ექმნება.

„ფაქტობრივად, 9ყველა მხრიდან აქვს შემოტევა ქვეყნის ეკონომიკას, განათლების კუთხით ვხედავთ, რომ უნივერსიტეტებში ესეთი სურათი ვაქვს და ფაქტობრივად ლექცია არ ტარდება, იქ დოლარის კურსი მყარდება და ლარის უფასურდება, საკმაოდ მრავალფეროვანი სურათი გვაქვს იმისა, რომ საერთო ერთი ნახატი გამოვიყვანოთ“ - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა

მებაღიშვილის თქმით, სულ ცოტა ხანში შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონი იწყება, რასაც წესით უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაც უნდა მოჰყვეს.

„საორიენტაციოდ რომ ავიღოთ დაახლოებით ერთ თვეში იწყება აქტიური ტურისტული ნაკადი შავიზღვისპირეთში, და როგორც წესი ამას მოჰყვება ყიდვის სურვილიც, ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ იქნება მოთხოვნა“ - ამბობს ნოუბლ რიალ ისთეითის თანადამფუძნებელი.

თორნიკე მაისაშვილი