უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი გვირაბი აშენდება - ვინ შეასრულებს სამუშაოებს

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დასაკავშირებლად გვირაბის მოწყობა იგეგმება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცესი.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ნიუ ტრანს როუდმა“ მიიღო. წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ნიუ ტრანს როუდმა“ პროექტის შესრულების ღირებულებად 11 787 078 ლარი დაასახელა.

რაც შეეხება პროექტს, დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს უნივერსიტეტის ქუჩიდან მისასვლელი პანდუსის მოწყობას, გვირაბის მოწყობასა და ასევე გამოსასვლელი პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო უბნის საერთო სიგრძე შეადგენს 194 მეტრს, აქედან პირველი პანდუსის სიგრძე ტოლია 37 მეტრის, გვირაბის - 110 მ, ხოლო მეორე პანდუსის - 47 მ.

მერი ტაბატაძე