„მივესალმები აშშ-სთან ვიზალიბერალიზაციას - თუ კონკრეტული ნაბიჯები იქნება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა არ დადგება“

„დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან პოლარიზაციაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამის პარალელურად კალაძე მიესალმება აშშ-ს შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ საქართველო უარს იტყვის ანტიდასავლურ კურსზე, მიიღებს სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტებსა და ვიზალიბერალიზაციას.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ყველამ კარგად ვიცით საიდან ფინანსდება, ეს არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაცია, სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი იქნეს შეჩერებული. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. როდესაც გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით და როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მექსიკიდან შესვლა აღარ მოუწევთ და კვირების გატარება ციხეებში. მივესალმებით, თუ ვიზალიბერალიზაცია იქნება, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა არ დადგება დღის წესრიგში - თუ დავინახავთ მეგობრულ დამოკიდებულებას და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. მტრობაა ის როცა დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომელიც ჩართულია პოლარიზაციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერი ტაბატაძე