სვანიძის ქუჩაზე სტიქიის შედეგად 24 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ვაკის გამგებლის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მან პირადად ჩაატარა აღწერა და 24-მა ოჯახმა გააკეთა განაცხადი უსახლკაროდ დარჩენის შესახებ.

ლაშა აბაშიძის თქმით, ანალოგიური აღწერა წყნეთის ხევშიც ჩატარდება, რის შემდეგაც დღესვე მოხდება ბინების დაქირავება, ქირის უზრუნველყოფით დაზარალებულებისთვის. რაც შეეხება სახლებს, რომელთა რეაბილიტაცია სტიქიის შედეგად შეუძლებელია, ვაკის გამგებელმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მათი აღწერა ვერ ხდება, რადგან სახლები დატბორილია და ამჟამად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ამის შემდეგ კი, როგორც გამგებელმა აღნიშნა, მოხდება მსგავსი სახლების აღწერაც. სვანიძის ქუჩაზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მაშველებმა დატბორილი ადგილებიდან რამდენიმე ავტომობილი ამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი თქმით, ვითარება უმძიმესია. ამასთან, სვანიძის ქუჩაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც იმყოფებოდა.

სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ქუჩის ტალახისგან გაწმენდაც მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "წყალმა კედელი გამოანგრია..."