თბილისში, ივლისში 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

ივლისის თვეში დედაქალაქში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი იმუშავებს და ბაღების თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის თვეში მომუშავე 50 საბავშვო ბაღი 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს - ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge

რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინიც, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისათვის, გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3100-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისათვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული მომსახურება.

პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge “- განაცხადა კახა კალაძემ.