რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი ტირენიის ზღვის სანაპიროზე, იტალიის კომუნა ფორტე დეი მარმიში ვილას ფლობდა, რაც ცენტრ “დოსიემ” მისი ელ-ფოსტის შესწავლით გაარკვია.
თუმცა ბელოუსოვმა 2018 წელს, როცა ის ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს იკავებდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ამ ქონების გაყიდვა გადაწყვიტა. სასახლე 600 ათას ევროდ იყო შეფასებული, თუმცა სასწრაფო გაყიდვის გამო 60 ათას ევროიან ფასდაკლებას ითვალისწინებდა.
კონტრაქტში მყიდველად ბრიტანეთის მოქალაქე, არტურ ლევინი არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ მისი ბრიტანული პასპორტის ნომერი მთლიანად ემთხვევა მოპარულ დოკუმენტს, რომელიც ისრაელის “მოსადმა” 2013 წელს დუბაიში, “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციისთვის გამოიყენა.
ამასთან, ვილის გაყიდვამდე ერთი წლით ადრე ბელოუსოვმა მალტის Bank of Valletta-ს ანგარიშზე 600 ათასი ევრო შეიტანა. 2018 წელს ბანკმა მას წერილობით მიმართა და სთხოვა, თანხის წარმოშობა დაედასტურებინა.
ბელოუსოვის დეკლარაციების თანახმად, 2012-დან 2017 წლამდე მან მთლიანობაში 40,7 მლნ რუბლი (451 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. ამდენად, 600 ათასი ევრო რომ დაეგროვებინა, მას ხუთი წლის განმავლობაში ხელფასის უმეტესი ნაწილი უნდა დაეზოგა.
Bank of Valletta არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა გაყინული ბელოუსოვის ანგარიში ევროკავშირის სანქციების შედეგად, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესდა.
ცნობისთვის: პუტინმა ანდრეი ბელოუსოვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად 12 მაისს დანიშვნა. ახალ მინისტრს ჯარში არასდროს უმსახურია და ეკონომისტი ჩინოვნიკია. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, თავდაცვის მინისტრად ბელოუსოვის დანიშვნით პუტინი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი ომისთვის და NATO-სთან შესაძლო დაპირისპირებისთვის ემზადება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ