„ბოლო დღეებში ბევრი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას - ახლა უნდა დაფიქრდეს ყველა, რუსეთის იმპერიაში უნდა ცხოვრება თუ ევროპაში“

რუბიკონი გადალახულია. ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ, ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე „ქართული ოცნების“ გამოხმაურებას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რუბიკონი გადალახულია. ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ. ამ ვითარებას ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი აქვს - მორალური სიცხადე დამკვიდრდა საბოლოოდ.

ახლა უნდა დაფიქრდეს საჯარო მოხელე, პოლიციელი, მასწავლებელი და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლო უყვარს - რუსეთის იმპერიაში უნდა ცხოვრება მავანის გამოგონილი “ღირსებით” (სინამდვილეში უღირსობით), თუ ევროპაში იმავე მავანის გამოგონილი “მასონებით” (სინამდვილეში თავისუფლებით).

დღეს ყველამ უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში ღრმად ჩაბუდებული კონფორმიზმი და ხმა ამოიღოს, რადგან ხვალ საკუთარი შვილები გააკრავენ სირცხვილის ბოძზე.

ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას. აუცილებლად დავურეკავდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამას აზრი არა აქვს შემდეგი მიზეზით:

ჩემი აზრით, ბიძინა თავისი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად ე.წ. “მშვიდობის” სახელით, დღეის მდგომარეობით, საერთოდ ჩამოშორებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებელია იმ დირექტივებისა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, ისევე როგორც მისი დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია ე.წ. “ქოც-ელიტა”.

არ ვიცი ის საკუთარი შეცდომების მძევალია, თუ შეგნებული არჩევანის მსხვერპლი. ამას ისტორია გაარკვევს. დღეს კი ამ კითხვაზე პასუხს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

მას ახლა ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი, აფექტურია. შესაბამისად, არც თვითონ დამელაპარაკება და რომც დამელაპარაკოს, საუბრის შინაარსი იქნება ლოგიკის მიღმა, შესაბამისად, უშედეგო,“- წერს ხუხაშვილი.