ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ერთდროულად ორი პროექტის გამო მოხვდა შავ სიაში

დღეს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთი-ერთი კომპანია 2 მიმდინარე პროექტის გამო შეიყვანა შავ სიაში. საუბარია, შპს „პოზიტივ ფაილ“-ზე , რომელმაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ტენდერში გაიმარჯვა.

უფრო კონკრეტულად, კომპანიას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეში სათავე ნაგებობის წყალშემკრების და მაგისტრალის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება მეორე პროექტს, „პოზიტივ ფაილ“-ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სადრენაჟე სათავე კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება ევალდებოდა.

თუმცა, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „პოზიტივ ფაილ“-ი 2016 წელს არის ოფიციალურად რეგისტრირებული, მისი ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი თურქეთის მოქალაქე თურან თექია.

ნინი ქეთელაური