„შესაძლოა, აზერბაიჯანელი ავტო დილერები  ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტს თავად ახორციელებდნენ“

2024 წლის 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 15%-ით შემცირდა, მხოლოდ აპრილში კი, გასული წლის იგივე თვესთან მიმართებით, 30,7%-ით . სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში 28,057 ერთეული მანქანა (576,638 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, 2023 წლის 4 თვეში - 33 095 ერთეული (595,052 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, წელს აპრილში 7 417 ავტომობილი (132,823 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 10 704 ერთეული (183,281 მლნ აშშ დოლარი).

მიუხედავად ამ საერთო მონაცემებისა, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა აზერბაიჯანში, სადაც ძველი ავტომობილებით ტაქსაობა აიკრძალა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში აღნიშნულ ქვეყანაში 1,054 ერთეული (21,364 მლნ აშშ დოლარი) მანქანა გავიდა, მარტში - 851 ერთეული (11,381 მლნ აშშ დოლარი).

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების მიმართულებით ყოველთვის იყო ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ ქვეყანასთან ავტომობილებით ვაჭრობა გაიზარდა - კარგია, თუმცა გასარკვევია, ვინ ახორციელებს ექსპორტს. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, შესაძლოა, ყაზახეთის მსგავსად, თავად აზერბაიჯანელ დილერებს გაჰყავდეთ და ამ შემთხვევაშიც საქართველო არა ტრანსფერის, არამედ მხოლოდ ტრანზიტის ფუნქციას ასრულებდეს.

“ჩვენი ერთ-ერთი ძირითად მომხმარებელი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი. პერიოდულად გარკვეული შეზღუდვები იყო, მაგრამ აზერბაიჯანელები ჩვენ ბაზარს ისევ უბრუნდებოდნენ. ახლა მცირე ჩავარდნის შემდეგ, თუ ისინი ისევ უბრუნდებიან ჩვენს ბაზარს, მისასალმებელია. თუმცა, აქ ერთი საკითხია, ეს ავტომობილები ვის გაჰყავს. შესაძლოა, აზერბაიჯანელი ავტო დილერები ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტს თავად, ან შუამავლების საშუალებით ახორციელებდნენ. ეს იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ყაზახი ავტო დილერები აკეთებენ. მზარდი სტატისტიკური მონაცემები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აქ ქართული ეკონომიკა მონაწილეობს, შეიძლება, უბრალოდ, ტრანზიტად არის გამოყენებული საქართველო და ამ დროს მოგებას ნახულობს აბსოლუტურად სხვა ქვეყანა და მისი მოქალაქეები“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ნინი ქეთელაური