„ტურისტების რაოდენობა შემცირდა, შეკვეთები გვიუქმდება“ - ტუროპერატორი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი არასტაბილურობა გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზეც. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ ისაუბრა.

ნამჩავაძის თქმით, ტურისტები აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის განცხადებებს იმის შესახებ, რომ „საქართველო დიქტატურისკენ მიდის“ და უცხოელმა დამსვენებლებმა შესაძლოა, ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ.

„ტურიზმზეც შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს ნეგატიური გავლენა, იმიტომ, რომ არეულობაა ქალაქში. ტურისტი ძირითადად ჩამოდის თბილისსა და ბათუმში; თუ ამ ორ ქალაქში არ იქნება სიმშვიდე, არ ჩამოვლენ. მით უმეტეს, როცა ვრცელდება სიახლეები, რომ დიქტატურისკენ მიდის საქართველო. ბევრი ამიტომ გადაიფიქრებს ჩამოსვლას და დავრჩებით რუსი ტურისტის და მეზობელი ქვეყნების იმედად“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, უკვე აისახა თუ არა მიმდინარე პროცესები ტურიზმზე. ჩვენთან საუბარში Georgian Holidays-ის დირექტორი, საბა გეწაძე აცხადებს, რომ ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია.

„შემცირდა ტურისტების რაოდენობა, ძალიან უშლის ხელს მიმდინარე პროცესები, შეკვეთები გვიუქმდება. პარტნიორი რომ ითიშება, იმის უკან რამდენი შეკვეთაა, მაგას ვერ გეტყვით, შეიძლება 50 იყოს, შეიძლება 500. შეიძლება ჩვენთვის უსაფრთხო გარემოა აქ იმიტომ, რომ ვიცით რას ველით; ჩვენთვის ახალი არაა პროტესტები, მაგრამ უცხოელები ფაქიზად ხედავენ ამ ყველაფერს და ჰგონიათ, რომ აქ რაღაც კატასტროფა ხდება“, - აღნიშნა გეწაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, Georgian Holidays-ის დირექტორს აქვს მოლოდინი, რომ თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, შესაძლოა, ტურიზმის სექტორის დანაკარგები ზაფხულის სეზონზე მაღალი არ იყოს.

„თუ ეს ტენდენცია გაჩერდა და სიწყნარეში წავიდა, დიდი ალბათობით ეს სეზონი დიდ დანაკარგებს არ განიცდის, თუ ეს გაგრძელდა, სეზონი განიცდის მაღალ დანაკარგებს“, - განაცხადა საბა გეწაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში შეიტანა ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შესვლიდან ერთი დღე მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 2 კვირა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.

ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.

მერი ტაბატაძე