Reuters - ზღვის დონის მატება ნავთობმიწოდებას ემუქრება

გლობალური დათბობის შედეგად ყინულის დნობითა და ოკეანეების ადიდებით ზღვის დონემ შესაძლოა, მრავალი მეტრით შეუჩერებლად მოიმატოს და ნავთობის ძირითადი პორტები დაიტბოროს, რაც ნავთობის გლობალურ ვაჭრობას ჩამოშლის. ასევე, დაიტბორება სანაპირო გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნები.

ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ China Water Risk-ის (“ჩინეთის წყლის რისკის”) ახალ ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, ამჟამინდელი ტენდენციების პირობებში ზღვის საშუალო დონემ საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა, მეტრზე მეტად მოიმატოს, ხოლო ორ მეტრამდე გაზრდა არ გამოირიცხება. ზღვის დონის აწევის მიმართ განსაკუთრებით დაუცველი დაბალი დონის, ანუ ბარის პორტები და ბუნკერული ტერმინალები იქნებიან, ხოლო თუ ტემპერატურა 1,5°C-ზე მაღლა აიწევს, ზღვის დონემ შესაძლოა, 3 მეტრით მოიმატოს, რაც მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ საპორტო ინფრასტრუქტურას შეუქმნის საფართხეს.

ზღვის დონის ერთი მეტრით მატებით ნავთობის 15 უმსხვილესი ტერმინალიდან 12 შესაძლოა, დაზარალდეს. მათ შორის 5 პორტი აზიაშია. რისკის ქვეშ დგას საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ნავთობის გლობალური ექსპორტის 42%, რაც ჩინეთში, აშშ-ში, სამხრეთ კორეასა და ნიდერლანდებში მიწოდების 45%-ზე მოახდენს გავლენას.

“აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან, ამიტომ მათ უნდა ითავონ არა მხოლოდ ნავთობიდან ალტერნატიულ წყაროებზე გლობალური გადასვლა, არამედ პორტის ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაუმჯობესება,” - წერია ანგარიშში.

პორტები, რომლებიც ზღვის დონის 1 მეტრით აწევის მიმართ დაუცველია, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ნავთობის იმპორტის, დაახლოებით, 75%-ს მოიცავს. მათი ტერმინალების უმეტესობა, ასევე, რისკის ქვეშაა და ნავთობმოპოვების გაზრდა შესაძლოა, „ამ ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაემუქროს.”

ექსპერტები გამოდიან მოწოდებით, რომ აღნიშნული რისკების ფონზე საინვესტიციო შესაძლებლობების კაპიტალიზაცია მოხდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ