საქართველო მონეტარულ პოლიტიკას არბილებს - როგორია რეფინანსირების განაკვეთი მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

სებ-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ინფლაციური პროცესების პოზიტიური ტენდენციებისა, ქვეყანაში გაურკვევლობამ მოიმატა და გაზრდილია როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები. მათივე თქმით, ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია.

რეფინანსირების განაკვეთი ასევე შემცირებულია სომხეთშიც. 30 აპრილს ნიშნულის 8.25 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იქამდე განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენდა. საერთო ჯამში, სომხეთში 2024 წელს რეფინანსირების განაკვეთმა 0,5 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სომხეთში ამავე პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე, ხოლო დაკრედიტების განაკვეთი 10%-მდე შემცირდა.

ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ სომხეთში სამომხმარებლო ფასები მარტში 1,2%-ით დაეცა, ეს რიგით მეხუთე თვე იყო, რაც ფასები ზედიზედ იკლებდა.

რეფინანსირების განაკვეთი მცირდება აზერბაიჯანშიც. 2024 წლის 1-ლი მაისის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთი 7,25 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის 2024 წლის 28 მარტს განაკვეთი 7,5 პროცენტით განისაზღვრა.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 1-ელ მაისს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით 7,25%-მდე შეამცირა. ეს ზედიზედ მეხუთედ ამცირებენ განაკვეთს, რითაც სესხის აღების ხარჯები ყველაზე დაბალია 2021 წლის დეკემბრის შემდეგ. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც გაანალიზეს ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია, ინფლაციური მოლოდინები, რისკები და ა.შ. სომხეთში წლიური ინფლაცია 2023 წლის აპრილიდან მცირდება, მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელი მარტში 1%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალია 2015 წლის იანვრის შემდეგ.

კლების ნაცვლად ზრდის ტენდენცია შეინიშნება თურქეთში. რეფინანსირების განაკვეთი 25 აპრილის მონაცემებით 50%-ს შეადგენს. წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე 45%-ი იყო.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა მისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 50%-ზე უცვლელად დაეტოვებინა. ეს გადაწყვეტილება მარტში 500 საბაზისო პუნქტით მოულოდნელ ზრდას მოჰყვა. ბანკს სურს შეინარჩუნოს საპროცენტო განაკვეთი მაღალი მანამ, სანამ არ დაინახავენ, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ფასები ყოველთვიურად. ანკარაში ასევე სურთ, რომ ხალხის მოლოდინები მომავალი ფასების შესახებ შეესაბამებოდეს იმას, რასაც ისინი პროგნოზირებენ. თუმცა, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და დარჩეს მაღალი, ისინი კიდევ უფრო გაზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. მარტში თურქეთში ფასები 68,50%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, თებერვალში 67,07%-თან შედარებით. გამოკითხვამ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა ფინანსურ ბაზრებზე, აჩვენა, რომ ისინი წლის ბოლომდე ფასების 44%-ით მატებას ელოდნენ, ხოლო თავად ბანკმა 36%-ით ნაკლები ზრდა იწინასწარმეტყველა.

რაც შეეხება რუსეთს, 2024 წლის აპრილში რუსეთის ბანკმა გადაწყვიტა ზედიზედ მესამედ შეენარჩუნებინა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 16%-ზე. ბანკში აცხადებენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება იმაზე მეტხანს მოუწევთ, ვიდრე ფიქრობდნენ. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ფასების სწრაფი ზრდა გაკონტროლდეს.

რუსეთში სამომხმარებლო პროდუქტებზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მათი წარმოების შესაძლებლობები, რაც ფასებს ზრდას იწვევს. ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ სამუშაო ასაკის მრავალი მამაკაცი ტოვებს ქვეყანას, რათა თავი აარიდოს ჯარში გაწვევას, შედეგად შრომის ბაზარზე მუშების დეფიციტი იქმნება. წინასწარი მოლოდინით, ფასები 4.3-4.8% პროცენტით გაიზრდება. ბანკი წელს საპროცენტო განაკვეთების 15%-ზე დაბლა დაწევას არ ელის. ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რუსეთში ფიქრობენ, რომ წელს მთლიანობაში ზრდა 2,5%-დან 3,5%-მდე იქნება.

თორნიკე მაისაშვილი