საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ195+200-კმ199+800 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. შესაბამისი ტენდერი 11 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 10 მაისს დასრულდა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტენდერში ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულადაც აღნიშნული კომპანია გამოვლინდა. საუბარია შპს „ორიენტირზე“, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხად 11 360 000 ლარს ასახელებს.
სამუშაოების შესრულების ვადად სატენდერო დოკუმენტებში მითითებულია 12 თვე.
დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას ანალოგიურ შესრულებულ სამუშაოებში ერთი პროექტი უფიქსირდება. საუბარია 2019 წელს 20-მილიონ ლარიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ორიენტირი“ ამ შემთხვევაშიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
ცნობისთვის, შპს „ორიენტირი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წელს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ვეფხვია სოხაძეა. რაც შეეხება წილებს, თამაზ ქავთარაძე და ბესარიონ ბოჭორიშვილი წილის 50-50%-ს ინაწილებენ.