ყაზახური ურანის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ოდნავ გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების კონცეფციის რეალიზების 2023 წლის ანგარიშში წერია, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ყაზატომპრომი” ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას TITR-ით, ანუ აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორიების გავლით 2018 წლიდან ეწევა, ხოლო 2023 წელს ამ მარშრუტით ურანის აშშ-ში გადაზიდვა პირველად შესრულდა, რამაც 308 ტონა შეადგინა.
მთლიანობაში, 2023 წელს აზერბაიჯან-საქართველოს გავლით საფრანგეთში, კანადაში, რუმინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში 2,3 ათას ტონაზე მეტი ურანის პროდუქცია იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2022 წელს გადაზიდულ 2,2 ათასი ტონაზე 4,5%-ით მეტია.
შედარებისთვის: 2023 წელს ყაზახეთში სულ 21,112 ტონა ურანი იქნა მოპოვებული.
„2023 წლის განმავლობაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით შესრულდა მიწოდება ტვირთის საბოლოო მიმღებამდე რუმინეთში, აშშ-სა და კანადაში. 2023 წლის შედეგებით, ყაზახეთიდან დასავლეთის ქვეყნებში TITR-ით ურანის მთლიანი გადაზიდვების 64% წარმატებით განხორციელდა,“ - წერს „ყაზატომპრომი.”
ანგარიშში, ასევე, განმარტებულია, რომ 2023 წლის დასაწყისისთვის ურანის დადასტურებული მარაგი ყაზახეთში 990 ათას ტონაზე იყო გათვლილი.
ცნობისთვის: TITR-ით ყაზახური ურანის გადაზიდვაში კომპანია, KTZ Express მონაწილეობს, რომელიც ურანის კონტეინერების კომპლექტებს ყაზახეთის სადგურებში, ჟანატასსა და ოსკემენში აგზავნის, შემდეგ კი პროდუქციის ტრანსპორტირება აქტაუს, ბაქოსა და ფოთის საზღვაო პორტებით ხდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ