გლობალურ ბაზარზე ფორთოხლის წვენის ფასი იზრდება - გაუძვირდა თუ არა საქართველოს იმპორტი

2024 წლის დასაწყისიდან გლობალურ ბაზარზე ფორთოხლის წვენის ფიუჩერსების ფასი იზრდება. ამჟამად ფასი ტონაზე 461 დოლარს შეადგენს. Trading Economics-ის მონაცემებით, ფორთოხლის წვენის ღირებულება წლიურად 61.37%-ით, ხოლო თვიურად 28.70%-ით არის გაზრდილი.

მსოფლიო ბაზარზე ფორთოხლის წვენის ფასის ზრდის მთავარ მიზეზად გადამუშავების, წარმოებისა და მიწოდების ხარჯების ზრდა სახელდება, რამაც შექმნა დეფიციტი და გამოიწვია სამომხმარებლო ფასების მატება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახა გლობალურ ბაზარზე არსებული ტენდენცია საქართველოზე და გაუძვირდა თუ არა ქვეყანას ფორთოხლის წვენის იმპორტ-ექსპორტი.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში იმპორტზე შემოვიდა 773 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 245 ტონა ფორთოხლის წვენი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 232 ათასი დოლარის 112 ტონა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს 1 ლიტრი ფორთოხლის წვენის საიმპორტო ფასი 3.2 დოლარი იყო, ხოლო გასული წელს 2.1 დოლარი. გარდა ამისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს ფორთოხლის იმპორტი 233%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი საქართველოს 52%-ით გაუძვირდა.

ცნობისთვის, საქართველოში ფორთოხლის წვენის უდიდესი ნაწილი ბელგიიდან შემოდის, ბელგიას რეიტინგში მოსდევს გერმანია, თურქეთი, სომხეთი და საფრანგეთი.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საქართველომ გასული წლის იანვარ-აპრილში ათასი დოლარის 22 ტონა ქართული წარმოების ფორთოხლის წვენის ექსპორტი განახორციელა, ხოლო მიმდინარე წელს 46 ათასი დოლარის 42 ტონა.

გასულ წელს 1 ლიტრის ქართული ფორთოხლის წვენის საექსპორტო ფასი 0.82 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 1.1 დოლარი. მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტი 155%-ით გაიზარდა, ხოლო საექსპორტო ფასი 34%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, ქართული წარმოების ფორთოხლის წვენის ექსპორტის დიდი წილი მოდის რუსეთზე, მას მოსდევენ ერაყი, ისრაელი, კანადა და ფილიპინები.

მერი ტაბატაძე