სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა, შედეგი ივნისზე უკვე აისახა - „ამჟამად სასტუმროს დატვირთულობა 30%-ია“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული მოვლენები გავლენას ახდენს არაერთ სექტორზე, მათ შორის ტურიზმზე. თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ამასთანავე, უცხოელი დამსვენებლები აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს და დასვენებას შესაბამისად გეგმავენ.

კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკვე აისახა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სასტუმროების ბიზნესებში. დავინტერესდით, როგორ შემცირდა ჯავშნები დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე და ამის გასარკვევად აქ რამდენიმე სასტუმროსა და აპარტამენტს ვესაუბრეთ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „ბილტმორის“ მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები უკვე აისადა ივნისის თვეზე. კერძოდ, შემცირებულია ჯავშნები როგორც ნომრებზე, ასევე ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით.

„ჯავშნები შემცირებულია, ივნისზე უკვე აისახა შედეგი. ქართველები ძირითადად აუქმებენ ღონისძიებებს, ხოლო ტურისტები ძირითადად ჯავშნებს“, - აცხადებენ „ბილტმორში“.

ჩვენთან საუბარში Blueberry Nights-ი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შემცირებულია ჯავშნები, თუმცა გაუქმების პრეცედენტი არ ჰქონიათ.

„ბოლო რამდენიმე დღეა რაც შემცირდა ჯავშნები, მანამდე თითქმის სულ სავსე იყო სასტუმრო. ჯავშნების გაუქმების შემთხვევა არ გვქონია. ამჟამად სასტუმროს დატვირთულობა 30%-ია დაახლოებით“, - განაცხადეს Blueberry Nights-ში.

ჯავშნები შემცირებულია როგორც სასტუმროებში, ასევე აპარტამენტებში. მაგალითად „ბიზნესპრესნიუსთან“ Apartment Opera Rustaveli 23-ს ძირითადად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობდნენ. ბოლო პერიოდში ჩვენთან ჯავშნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.

„დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული ჯავშნები. ჯავშნები ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ადგილობრივი სტუმრები არ მყავს, ტურისტებზე ვმუშაობ და შემცირებულია მათი რაოდენობა“, - აღნიშნავენ Apartment Opera Rustaveli 23-ში.

შეგახსენებთ, ჰოტელიერები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შედეგებზე საუბრობენ. მაგალითად, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ სასტუმროების ზარალი უკვე მილიონებს გასცდა. მანვე აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში სასტუმროებს მმართველი კომპანიები აბრუნებენ.

იხილეთ ასევე: „მმართველი კომპანიები სასტუმროებს უკან აბრუნებენ - ზარალი უკვე მილიონებს გადასცდა“

მერი ტაბატაძე