რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტოტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანისთვის - მთავრობამ ახალი რეგლამენტი მიიღო

მთავრობამ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

აღნიშნული რეგლამენტის თანახმად, განისაზღვრა ავტოტრანსპორტის საშუალებებით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესაბამისი წესები. ამავე რეგლამენტით დარეგულირდება, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი მგზავრთა გადაყვანისთვის ტრანსპორტი და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მძღოლებსა და გადამზიდველებს.

რეგლამენტის მიხედვით, ავტობუსი და მინივენი ეკიპირებული უნდა იყოს:

  • ქვეყნის შიდა და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტების აღმნიშვნელი აბრით;
  • მძღოლის სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლოთი, რომელიც უნდა განთავსდეს ავტობუსის/მინივენის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე.
  • მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლო უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც განრიგის საწყისი, შუალედური ან/და საბოლოო პუნქტი არ არის ავტოსადგური;
  • ავარიული გასასვლელების მაჩვენებელი ნიშნებითა და მინის გასატეხი ჩაქუჩით (ავტობუსის შემთხვევაში);
  • დასასხდომი ადგილების (სავარძლების) ნუმერაციის მაჩვენებლებით (ავტობუსის შემთხვევაში);
  • ცეცხლსაქრობით, გამაფრთხილებელი სამკუთხედით, პირველადი დახმარების სამედიცინო სააფთიაქო ყუთით (ავტობუსის შემთხვევაში).

ცვლილებების თანახმად, აკრძალულია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც წარმატებით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გარდა ამისა, აკრძალულია:

  • საერთაშორისო რეგულარული და არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე;
  • საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად;
  • ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი სსკ-ით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული ნებისმიერი მძღოლი − სსკ-ის დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 2731 და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;
  • გადამზიდველთან დასაქმებულ ნებისმიერ მძღოლს უფიქსირდებოდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;
  • სამგზავრო გადაყვანაში ისეთი მძღოლის ჩართვა, რომელმაც წარმატებით ვერ გაიარა სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა.

რეგლამენტის მიხედვით, შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით (გალია, ყუთი და სხვა).

გარდა ამისა, გადამზიდველს უფლება აქვს, შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოების გამო, რომლის განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო, ხოლო საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, აგრეთვე გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორია, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების შეთანხმების შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე გადამზიდველი ვალდებულია, შეფერხების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს გაჩერების ბოლო და შუალედურ პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებს.

რეგლამენტი იხილეთ სრულად

მერი ტაბატაძე