ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა - უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან მილიარდებს მიიღებს

დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულ დეპოზიტარებს ავალდებულებს, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის 90% უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხონ.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხანი იხილებოდა, ევროკავშირის საბჭომ სამშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა. ევროპული დეპოზიტარების ანგარიშებზე გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 3 მლრდ ევროს შეადგენს, რაც უკრაინის სამხედრო დახმარებასა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება.

კერძოდ, დეპოზიტარები, რომლებიც მანამდე ამ შემოსავალს ცალკეულ ანგარიშებზე ინახავდნენ, დღეიდან ეროვნული საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 0,3%-ს რუსული აქტივების შემდგომი მართვისთვის დაიტოვებენ, ხოლო 99,7%-ს წელიწადში ორჯერ ევროკავშირის ბიუჯეტში უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხავენ.

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის მთლიანი თანხა, ანუ 100% წლის ბოლომდე ევროკავშირში წელს შექმნილ „უკრაინის ფონდს“ გადაეცემა, საიდანაც კიევის სამხედრო დახმარება ფინანსდება.

პირველი წინასწარი დაფინანსება 2 მლრდ ევროს ოდენობით ივლისში განხორციელდება.

ცნობისთვის: უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც, დაახლოებით, 300 მლრდ ევროს შეადგენს. აქედან, დაახლოებით, 200 მლრდ ევრო ევროკავშირში, ძირითადად, ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ის ანგარიშებზე არის გაყინული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ანგარიშსწორებისა და საკლირინგო სისტემაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ