ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების 29,474-მილიონიან პროექტებს ახორციელებს

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების ოთხ პროექტს ერთი "გამარჯვებული“ ჰყავს. სამშენებლო სამუშაოებს „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. ბოლო ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა აპრილში გამოაცხადა. ამჯერადაც ვარკეთილში, სადაც უნდა მოხდეს 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი და მის ადგილას 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. აღნიშნულ ტენდერში განაცხადი სამმა კომპანიამ გააკეთა, ხელშეკრულება კი საბოლოოდ „ბი ქეი ქონსთრაქშენთან“ გაფორმდა.

ეს არ არის ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პირველი პროექტი, რომელსაც „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. კომპანიას ჯამში ოთხი პროექტი აქვს აღებული და ყველა ვარკეთილში. პროექტების ჯამური ღირებულება 29 474 169 ლარს შეადგენს. ყველაზე ძვირად ღირებული კი ბოლოა, რომელიც 9.180 მლნ ლარს შეადგენს. 6.475 მლნ ჯდება ერთი პროექტი, მეორე - 7.353 მლნ ლარი, მესამე კი 6.458 მლნ.

რეესტრის მიხედვით, „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებების და სასტუმროების მშენებლობა. „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ 50%-ს შოთა ბერეკაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა, 50%-იანი წილის მფლობელი კი ირაკლი ბურდილაძეა. დირექტორი კი ბაკურ ბერეკაშვილია. 2022 წლის განმავლობაში კომპანიაში საშუალოდ 950 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან, „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელი კომპანიამ 3.120 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. სამშენებლო მომსახურებიდან შემოსავალმა 109.041 მლნ ლარი შეადგინა, სამშენებლო მომსახურების თვითღირებულება კი იყო 102.397 მლნ ლარი. ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები შეადგენს - 47.527 მლნ ლარს.