რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს ირანთან

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ირანთან 18%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-აპრილში ბრუნვა 79,394 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 93,731 მილიონ აშშ დოლარია.

ირანთან სავაჭრო ურთიერთობებში უდიდესი ნაწილი იმპორტს უკავია. კერძოდ, გასული წლის საანგარიშო პერიოდში ბრუნვაში იმპორტმა 72,481 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი 84,686 მლნ დოლარი. ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი გაზრდილია თითქმის 17%-ით.

ირანისგან საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს შემდეგ პროდუქციას:

  • ნახშირბადიანი ფოლადის წნელები - 23,475 მლნ დოლარი
  • მოსაპირკეთებელი ფილები - 7,799 მლნ დოლარი
  • ეთილენის პოლიმერები - 6,506 მლნ დოლარი
  • ფოლადის პროფილები - 4,589 მლნ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის სხმულები - 3,270 მლნ დოლარი

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში 11%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-აპრილში ირანში ექსპორტირებულია ქართული წარმოების 4,223 მლნ დოლარის პროდუქცია, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 4,703 მლნ დოლარის.

ირანში შემდეგი 5 ძირითადი ქართული წარმოების პროდუქცია გადის ექსპორტზე:

  • ხე ტყის მასალა - 2,212 მლნ დოლარი
  • სიმინდი - 955 ათასი დოლარის
  • მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - 307 მლნ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი საკვები - 165 ათასი დოლარი
  • ყავისა და ჩაის ექსტრაქტები - 152 ათასი დოლარი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ირანიდან ვიზიტების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2023 წლის პირველ კვარტალში ირანიდან 21 318 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 28 811 ვიზიტი. მონაცემების თანახმად, ირანიდან ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 35%-ით.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2024 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ირანიდან საქართველოში 7.4 ათასი დოლარი ჩაირიცხა, საქართველოდან ირანში ტრანზაქცია არ განხორციელებულა. გასულ წელს კი ირანიდან საქართველოში 139 ათასი დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა, საქართველოდან ირანში კი 2.1 ათასი დოლარი გადაირიცხა.

მერი ტაბატაძე