„ვიზების გაცემას განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი, ვიზა მიღებულ ადამიანებს კი აეროპორტიდან დეპორტს ვუკეთებთ“

ქართველი ტურ-ოპერატორები უკვე მუშაობენ ინდოეთიდან ტურისტების აზერბაიჯანში შეყვანაზე, - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ინდოეთიდან შემომსვლელ ვიზიტორებზე. შეგახსენებთ, რომ სამასპინძლე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო 2-3 წელია აქტიურად საუბრობენ.

„ქართველი ტურ-ოპერატორები უკვე ცდილობენ სხვა ბაზრებზე გადაერთონ. მაგალითად, 6 ტურ-ოპერატორი უკვე აქტიურად მუშაობს ინდოეთიდან ტურისტების აზერბაიჯანში შეყვანაზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ინდოეთიდან არის მოთხოვნა დიდი ივენთების ჩატარებაზე, ჩვენ კი სავიზო პოლიტიკა ვერ დავალაგეთ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განგვიცხადა, რომ ვიზების გაცემას განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი და შემდეგ ვიზა მიღებულ ადამიანებს აეროპორტიდან დეპორტს ვუკეთებთ, ჩვენ ხომ უნიკალური ქვეყანა ვართ?!

შესაბამისად, ტურისტულმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ივენთებს, რომელსაც მილიონობით შემოსავალი მოაქვს, ინდოელ ტურისტებს უკვე აზერბაიჯანში უგეგმავენ,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

თაია არდოტელი