მასკი მზად არის, ტრამპი-ბაიდენის დებატებს უმასპინძლოს

ილონ მასკმა გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურ ჯო ბაიდენს შორის დებატები გამართოს, რომელშიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რობერტ კენედი-უმცროსი მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე კენედის პოსტის კომენტირებისას დაწერა.

“რა თქმა უნდა,” - წერს მასკი კენედის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მილიარდერი მზად, აღნიშნულ სამ პოლიტიკოსს შორის დებატებს უმასპინძლოს.

მანამდე მასკი აცხადებდა, რომ ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს შორის დებატებში რობერტ კენედი-უმცროსის მონაწილეობაც აუცილებელია.

ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები 27 ივნისსა და 10 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის: აშშ-ის რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არის დანიშნული, ხოლო აგვისტო-სექტემბერში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ყრილობები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კანდიდატი ოფიციალურად დამტკიცდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ