შვეიცარია იურიდიულ პირთა ბენეფიციარი მფლობელების რეესტრს ქმნის

შვეიცარიის მთავრობამ (ფედერალურმა საბჭომ) კომპანიების ბენეფიციარ მფლობელთა რეესტრის შექმნას მხარი დაუჭირა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობა გააუმჯობესოს.

შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

მთავრობის განცხადებით, „მიზანი არის შვეიცარიის, როგორც ფინანსური და ბიზნესცენტრის მთლიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ბენეფიციარ მესაკუთრეთა ფედერალური რეესტრის შემოღებით, რომლის დროსაც იურიდიულ პროფესიებში მაღალი რისკის საქმიანობები კომპლექსურად შემოწმდება.“

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია „არაუადრეს 2026 წლისა.“

„ფულის გათეთრება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინანსური სისტემის მთლიანობას. იურიდიული პირები და ტრასტები მთელ მსოფლიოში ფულის გათეთრებისთვის, ტერორიზმისა და კორუფციის დაფინანსებისთვის, ასევე, სანქციების თავიდან აცილების მიზნით ბოროტად გამოიყენება... ეს, ასევე, აშკარაა არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღებას უკავშირდება. შვეიცარია ამ რისკებს ექვემდებარება,“ - წერია მთავრობის განცხადებაში.

კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა ხელისუფლებას ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. „რეესტრის დახმარებით სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოები შეძლებენ, სწრაფად და საიმედოდ დაადგინონ, თუ ვინ დგას რეალურად კონკრეტული იურიდიული სტრუქტურის უკან, რაც შვეიცარიაში ფულის გათეთრების ან აქტივების დამალვის მიზნით იურიდიული პირების გამოყენებას აღმოფხვრის.“

მთავრობა განმარტავს, რომ „რეესტრი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება“ და იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტროს), ასევე, პოლიციის იურისდიქციას დაექვემდებარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ