„კარგად იციან, რომ სანქციების სიაში ისინიც აუცილებლად მოხვდებიან - მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი“

„ამ ბიზნესმენებს, რომლებიც რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, შეიძლება პოლიტიკურ სიტუაციაში არ უნდათ დიდად ჩართულები რომ იყვნენ, მაგრამ მოუწევთ. ისინი თავის ფულზე მაინც ხომ დარდობენ, ქვეყანაზე თუ არა. მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი“,- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, პროცესი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ინიციირებას მოჰყვა, მათ შორის, დაანონსებული სანქციები, საზოგადოებაში წარმოშობს გაურკვევლობას, რაც წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, ქართულ კომპანიებზე არ ისახებოდეს.

მისი თქმით, თუ ვეტო დაიძლია და აშშ-ს სანქციები არა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებს, არამედ ბიზნესსაც შეეხება.

„რატომ ვღელავთ ხვალინდელ დღეზე, იმიტომ, რომ ვიცით, თუ ვეტო დაიძლევა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ დაასაქნცირებს გარკვეულ პირებს და ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, შესაძლოა, მათ შორის იყვნენ ბიზნესმენი პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსი ბიზნესმენებიც... ასევე, შეიძლება იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, ანუ ძალიან ფართო სპექტრია ადამიანების, ვისაც ეს შეეხება. საქართველოს არასდროს უცხოვრია სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, შესაბამისად, მოსახლეობა მინიმუმ, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს, რომ ეს დღე შეიძლება დადგეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, უკან დახევა არ ჩანს (მე ვფიქრობ, ეს არც იქნებოდა უკან დახევა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე). აი ეს გაურკვევლობა წარმოუდგენელია, რომ პოზიტიურად ისახებოდეს დღეს ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, ქართული კომპანიების აქციებზე. ქართული კომპანიების აქციების ფასი ყოველთვის მიბმულია ქვეყანას, როდესაც პატარაა ქვეყანა, იქ მიმდინარე მოვლენები მისი დიდი კომპანიის აქციების ფასზე გავლენას ახდენს ლონდონის ბირჟაზე. ლონდონის ბირჟაზე აქედან ხელოვნურად რომ მოვახდინეთ გავლენა, ეს ხომ ზღაპარია. იქ არიან ინვესტორები, რომლებიც სხვადასხვა ქვენების კომპანიების აქციებს ფლობენ, უყურებენ რა ხდება ამ ქვეყანაში და როდესაც დაინახეს ტენდენცია, რომ ფასებმა შემცირება დაიწყო აქციებზე, რა თქმა უნდა, მათაც გაყიდეს. თორემ, ამ კომპანიების აქციები ბოლო 6 თვეში საშუალოდ გაზრდილია. ბოლო ერთ თვეში დაიწყო შემცირება. ამის მიზეზია ის, რაც ხდება ქვეყანაში, ის გაურკვევლობა და საერთაშორისო განცხადებები. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, აღარ დარჩა მგონი პოლიტიკოსი დასავლეთში, რომელმაც განცხადება არ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. შესაბამისად, ეს უარყოფითად აისახება. სანქციებზე განცხადებამაც კი ასეთი ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე... თავისით ხომ არ დაიწია ლარის კურსმა?

ისედაც არ უყვართ ბიზნესმენებს წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მითუმეტეს უცხოელ ინვესტორებს, იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნებია, ფულის ჩადება. საქართველოში ბოლო 30 წელია თუ რამე გაკეთდა, აქედან 90% დასავლური დაფინანსებითაა. მილიარდზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში და მთელი ეს ფული მთავრობამ წაიღო. ანუ მთავრობამ სესხი აიღო, რომ დააგოს გზები და მერე წინასაარჩევნოდ „იტრაბახოს“ ამ დაგებული გზებით. საიდან მოვიდა ეს ფული? მოვიდა დასავლეთიდან, რომელიც ამ ფულს 30 წელზე მეტია გვაძლევს ხან ინვესტიციის სახით, ხან შეღავათიანი სესხის, გრანტებს აძლევს საქართველოს მთავრობასაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ის ადამიანები, ვინც 30 წელია გვეხმარებიან, გვეუბნებიან, მეტი ნაბიჯი აღარ გადადგათ უკან, თორემ შეიძლება ეს გახდეს შეუქცევადი და თქვენ ვერც ევროკავშირის წვერები გახდებით, ამერიკაც გადახედავს ჩვენს ურთიერთობებს და როგორ გინდა, რომ ეს ბიზნესის განწყობებზე, არ აისახოს?! ამ ბიზნესმენებს, რომლებიც რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, შეიძლება პოლიტიკურ სიტუაციაში არ უნდათ დიდად ჩართულები რომ იყვნენ, მაგრამ მოუწევთ. ისინი თავის ფულზე მაინც ხომ დარდობენ, ქვეყანაზე თუ არა და მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი. მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან და არიან მილიონერები, მათაც კარგად იციან, რომ სანქციების სიაში ისინიც აუცილებლად მოხვდებიან. შეიძლება არ ჰგონიათ, რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, იმიტომ, რომ აშშ როგორც წესი, არ აანონსებს სანქციებს, ამ შემთხვევაში პირდაპირ თქვეს პირველ რიგში, ფინანსური სანქციები. ეს ხომ არის დამღა ბიზნესმენისთვის, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ ექცევა, ვინ დაიჭერს მასთან საქმეს?! ხელშეკრულებას ვინ გაუფორმებს? ამაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ. პლუს არსებული კაპიტალი, რაც აქვთ, ისიც შეიძლება გაიყინოს და დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს მათი ოჯახის წვერებს, მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ პარტნიორებს შეიძლება შეეხოს. მარტო ხომ არ არიან ბიზნესში, სხვა პარტნიორებიც ხომ ჰყავთ?! ამ სიტუაციის განმუხტვა არ არის ბრმა ოპტიმიზმში, რომ ეს ერთჯერადი იყო და მალე დალაგდება, სამწუხაროდ, თუ ჩვენ ჩავეხსნებით დასავლური დაფინანსებისგან, ეს იქნებ ძალიან მტკივნეული ქვეყნის ეკონომიკისთვის“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია. აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ მის დაძლევაზე საუბრობენ. თავის მხრივ, აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი, აქტივების გაყინვა და ქვეყნის გარეთ გადაადგილების უფლების აკრძალვა დააანონსა.

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას იწყებს, რომელიც გავრცელდება "იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ნინი ქეთელაური