ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში მოხდა, კერძოდ ადგილობრივი მკვიდრი მის მიერვე უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივი მკვიდრი მის მიერვე უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა. კანონდარღვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინეს. ამბროლაურის პოლიციის სამმართველოს მიერ მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოავლენის საშუალებას იძლევა. ნებისმიერ კანონდარღვევაზე მკაცრი სანქციები ტარდება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.