ოქროს ფასი ისევ მაღალი რჩება. ამ დროისთვის, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 338 აშშ დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 3.35%-ით არის გაზრდილი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებული ნედლეულის შეძენა უწევთ, ოქროზე ფასის მატებას მეორე კვარტლის დასრულებამდე არ აპირებენ.
თორნიკე სამხარაძე: ჩვენ საქართველოში ერთადერთი საიუველირო სახლი ვართ, ვისაც აქვს საკუთარი წარმოება და გაყიდვის წერტილები, ამიტომ ჩვენზე განსაკუთრებით აისახება ეს ყველაფერი, რადგან გაძვირებული ნედლეულის შეძენა გვიწევს. რადგანაც ლონდონის ბირჟის მიხედვით დგინდება საქართველოში გასაყიდი ოქროს ფასი, შესაბამისად გაგვიძვირდა ნედლეული და ყველა ის ეტაპი, რაც ამ გაძვირებით არის გამოწვეული.
მისი თქმით, თუ 2 კვირის წინ გრამ სუფთა ოქროს 205-206 ლარად ვყიდულობდით, დღეს ეს ფასი 217-219 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.
„ამის პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ოქროს ფასებსაც ვაკვირდებით და მათაც გააძვირეს პროდუქცია“.
თორნიკე სამხარაძემ განაცხადა, რომ, ამ ეტაპზე პროდუქციის გაძვირებას არ გეგმავენ.
„ჩვენ თავს ვიკავებთ პროდუქციის გაძვირებისგან და მზად ვართ, ამის ხარჯზე კომპანიამ საკუთარი მოგება შეამციროს და ასე მოხდეს ფასების შენარჩუნება „ზარაფხანას“ ქსელში. ეს პოლიტიკა ძალაში იქნება მეორე კვარტლის ბოლომდე, რადგან არ გვინდა, რომ მომხმარებელზე მყისიერად აისახოს გაძვირება“.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოქროს მოთხოვნაზეც ისაუბრა.
„2024 წელს, პირველი 5 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა დღეს არსებული მაკრო და მიკროეკონომიკური მდგომარეობის გათვალისიწინებით, ასევე საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთხოვნაზე ეს ყველაფერი აისახა და მაისში შედარებით ნაკლები შედეგი გვაქვს, ვიდრე მოლოდინი იყო“ - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.