საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით და სავაჭრო ბრუნვით, აშშ პირველ ოთხეულში შედის, უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზეა, ხოლო ფულადი გზავნილებით მეორე ადგილს იკავებს.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 1.594 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 153.5 მლნ დოლარი (9,6%) აშშ-დან შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებლით, აშშ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ოთხეულშია.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.563 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ამერიკაზე 479,710 მლნ აშშ დოლარი ( 7,3 %) მოდიოდა. ამასთან, წელს 4 თვეში, აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი, რითაც ათეულში მე-4 ადგილს იკავებს.
ამასთან, ამერიკა უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა, იანვარ-აპრილში მისი წილი მთლიან იმპორტში 9.3%-ს შეადგენდა. 2024 წლის 4 თვეში მთლიანმა იმპორტმა 4.800 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 445.468 მლნ აშშ დოლარი აშშ-ზე მოდიოდა.
რაც შეეხება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტს, იანვარ-აპრილში ამერიკის წილი 3.9%-ს შეადგენდა, რითაც უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. წელს 4 თვეში, წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში 95.9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში აშშ-ში 31.278 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ფულად გზავნილებში, აშშ მეორე ადგილს იკავებს. 2024 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 278,5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც 16,6% (46,308 მლნ აშშ დოლარი) აშშ-ზე მოდიოდა.
რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აშშ-დან ვიზიტორები 25,1%-ით გაიზარდა და 11 554 ადამიანი შეადგინა (წინა წლის იგივე პერიოდში 8 063 იყო).