„ისტორია ყველაზე მკაცრი მსაჯულია - დიდი ზიანი მოგვადგა უკვე, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ჩიხიდან თავის დაღწევის გზა,“ - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების საკითხს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს ოცდაათი წლის განმავლობაში ნაშენები ფუნდამენტის ძირის გამოთხრით. ისტორია ყველაზე მკაცრი მსაჯულია.
დიდი ზიანი მოგვადგა უკვე, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ჩიხიდან თავის დაღწევის გზა. ნუ გადალახავთ ვეტოს და კარგად გაიაზრეთ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებთ. კანონი ხომ ამ პოლიტიკის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა.
იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეტაპობრივად შესაძლოა, რაღაცეები გამოსწორდეს, გარდა იმ ზიანისა, რაც შესაძლოა საზოგადოებაში დღეს არსებული დაპირისპირების შემდგომ გაღვივებას მოყვეს,“ - წერს ლევან დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს. ამასთან, ბლინკენის თქმითვე, „დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას".