შეგეზღუდებათ გადარიცხვები, ლარებშიც კი ვეღარ გექნებათ საბანკო მომსახურება - რას ნიშნავს ამერიკის მიერ დასანქცირება?

შეგეზღუდებათ გადარიცხვები, ლარებშიც კი ვეღარ გექნებათ საბანკო მომსახურება - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამერიკის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირების საკითხს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მაღალჩინოსნებო, შეიძლება ბოლომდე არ გესმით რას ნიშნავს ამერიკის ხაზინის მიერ დასანქცირება. ვეცდები მარტივად აგიხსნათ:

ამერიკული აქტივები (მათ შორის საბანკო ანგარიშები) გაგეყინებათ. ალბათ, ბევრი იტყვით, რაც არ მაქვს, რა უნდა გამეყინოსო (ყველა მაგასაც ვერ იტყვით). ჯერ სად ხართ;

დიდი ალბათობით ამერიკულ სანქციებს ევროპულიც მოყვება კოორდინირებულად, შესაბამისად, ევროპულ აქტივებსაც იგივე მოუვა (ეს ალბათ უფრო მეტს გეტკინებოდათ);

ახლობლებთან, ნათესავებთან, ბიზნეს პარტნიორებთან უცხოეთში გადარიცხვები და მათგან გადმორიცხვები შეგეზღუდებათ. იქაური ბანკები ტვინს გაუხვრიტავენ იმათ თქვენთან საბანკო ურთიერთობისთვის (ვაი!);

თქვენი ქართული ბანკის საკორესპონდენტო ამერიკული და ევროპული ბანკები თქვენს ბანკს კითხავს, თქვენ ხომ არ ხართ მათი კლიენტი. და თუ ხართ, მოსთხოვს არ იყოთ, თორემ თქვენს ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშს დაუხურავს. აი, იმას, რომლის გარეშეც ჩვენ ბანკებს ევროში და დოლარში ოპერაციების საშუალება აღარ ექნებათ და რუბლის, რემნიმბის და ირანული რიალის ამარა დარჩებიან. თქვენი აზრით, რას იზამს თქვენი ბანკი ამ შემთხვევაში?! ზუსტად! მოგისვრით როგორც წინა არჩევნების დროინდელ დარიგებულ კარტოფილს. შესაბამისად, ლარებშიც კი ვერ გექნებათ საბანკო მომსახურება. თუმცა, გამოსავალი გაქვთ. ყველა დაეწყვეთ და „ქართუში“ გადაიტანეთ ანგარიში. მაგის მფლობელი პელეა მენეჯმენტში.

დანარჩენი თქვენ იცით! მე აგიხსენით. შოთაძეს, როგორც ჩანს, ესმის,“- წერს ბედინეიშვილი.