რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად - ცვლილებები რეგლამენტში

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. რეგლამენტით განისაზღვრა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის, გადაზიდვის ნებართვის და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, ნებართვის მოქმედების ვადა, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები და სხვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

ცნობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე. ECMT სანებართვო დოკუმენტით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

  • ECMT სერტიფიკატები;
  • აღრიცხვის წიგნაკი;
  • გადამზიდველის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის გადამზიდველმა ნებართვის მისაღებად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წერილობით წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი;
  • სანებართვო მოსაკრებლის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მაძიებელს სჭირდება შემდეგი დოკუმენტები:

  • ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებულ, სულ მცირე, ერთ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ჩართული არის/იქნება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაში;
  • მენეჯერთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

იხილეთ რეგლამენტი დეტალურად:

მერი ტაბატაძე