თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

„დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვის და მათ მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მარშით გვინდა ჩვენ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში, ვინც აქციების დროს რაიმე სახის დაზიანება მიიღო ან და დაკავებულია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ, ასევე ვიზრუნებთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაკისრებული უკანონო ჯარიმები იყოს გადახდილი, რომ ეს მათ ტვირთად არ დააწვეთ. დღევანდელი აქცია, რა თქმა უნდა, იქნება კვლავ არაძალადობრივი, კონკრეტული მესიჯებითა და გზავნილებით გაჯერებული.

რაც შეეხება პროპაგანდას, ადამიანების რაღაც ნაწილში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-სთან არ შეიძლება აქციის ჩატარება, მაგრამ ეს ასე არ არის. კანონით დაწესებულია დისტანცია - აქციასა და შსს-შენობას შორის, რომელიც 20 მეტრს შეადგენს, რომ ხელი არ შეეშალოს შსს-ს ფუნქციონირებას და ამ დისტანციას დავიცავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვინდა მათ შევახსენოთ, შსს არის და იყო ის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პოლიციელებს მართავს და სამწუხაროდ, ამ დღეებში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ოლიგარქს“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

თავისუფლების მოედნის პარალელურად, „სტუდენტური მოძრაობის“ წევრები შეკრებას რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე აანონსებენ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსვლელობით ასევე შეუერთდებიან „განათლების კოალიციის“ წევრები, რომლებიც დედაენის ბაღში 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, პროტესტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა და 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია. სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები მიღებულ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.