„მშვიდ ვითარებაში, ამ ჩანაწერს საზეიმოს გავხდიდი“ - რა სარგებელს ჰპირდება აშშ საქართველოს

„მშვიდ ვითარებაში, ამ ჩანაწერს საზეიმოდ გავხდიდი. ბოლოში რაც წერია, ნიშნავს, რომ ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში იარსებებს კანონი, რომელიც ყველა ადმინისტრაციას მისცემს გზამკვლევს და დაავალებს, რომ საქართველოსთან სავიზო მიმოსვლა შერბილებული უნდა იყოს; ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმაოს და სხვა. ეს ვიღაცის პოლიტიკაზე და პოლიტიკის ცვალებადობაზე აღარ იქნება დამოკიდებული“,- ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

საუბარია, აშშ-ის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელშიც პოლიტიკური პირების დასანქცირების გარდა, ქართველი ხალხის დახმარებაზეა საუბარი.

როგორც ლევან ალაფიშვილი ამბობს, ამერიკისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობაა, შესაბამისად, ფრთხილად მოქმედებს, რათა სანქციებით, ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდეს.

„ამერიკისნაირი ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს მისი დამოუკიდებლობის შემდგომ არ ჰყოლია. სტაბილური, ერთგული, თანმიმდევრული, როგორც პოლიტიკური, ისე გლობალური, ეკონომიკური და ინვესტიციების თვალსაზრისით. ეს სტატისტიკაშიც კარგად იკითხება. სწორედ იმიტომ, რომ ამერიკისთვის (და, ეს სახელმწიფო მდივანმაც აღნიშნა მის წერილში), მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი, ქართული დემოკრატია და არა ხელისუფლება, ვფიქრობ, ამერიკის ხელისუფლება იქნება მოზომილი იმ თვალსაზრისით, რომ სანქციები არ იყოს ხანგრძლივი და ამან მნიშვნელოვნად არ დააზარალოს საქართველო, ქართველი ხალხი. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი, მყისიერი, წერტილოვანი, მაგრამ ის, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ხანგრძლივად მძიმედ აისახოს, ასეთს არ ველი. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ მძევლად ვყავართ ყველა ჩვენგანი აყვანილი. ცელქ ბავშვს, ხელში ასანთი რომ აქვს, იცის, ხანძარს გააჩენს და ამის გამო ყველა ანგარიშს უწევს, ასეა „ქართული ოცნებაც“. აი, საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება იმით, რომ ამერიკა დაასანქცირებს საქართველოს, ამით სარგებლობს და ამაზე პარაზიტირებს.

დამიჯერეთ, აშშ-სთან ასეთი ვირეშმაკობები არ გაუვათ, ვნახავთ ამას ცოტა ხანში. არ ველი, რომ ამერიკა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს. ამის დასტურია ის კანონიც, რომელზეც მიდის მუშაობა. მშვიდ ვითარებაში, ამ ჩანაწერს საზეიმოს გავხდიდი. ბოლოში რაც წერია, ნიშნავს, რომ ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში იარსებებს კანონი, რომელიც ყველა ადმინისტრაციას (იქნება ეს ბაიდენის, თუ სხვა), მისცემს გზამკვლევს და დაავალებს, რომ საქართველოსთან სავიზო მიმოსვლა შერბილებული უნდა იყოს; ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმაოს და სხვა. ეს ვიღაცის პოლიტიკაზე და პოლიტიკის ცვალებადობაზე აღარ იქნება დამოკიდებული. ეს არის იმ ხალხის დამსახურება, რომელიც 1 თვეა დემოკრატიას ასე უფრთხილდება. ამით აგებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად პროვოკაციებისა, ქართული საზოგადოება ძალადობის გარეშე წარმართავს პროცესს“,- ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებულ კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი, აქციის მონაწილეების დარბევა და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა.

აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ მის დაძლევაზე საუბრობენ.

თავის მხრივ, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი, აქტივების გაყინვა და ქვეყნის გარეთ გადაადგილების უფლების აკრძალვა დააანონსა.

ახლახანს კი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა" გამოაცხადა.

ნინი ქეთელაური